მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში - არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაც სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის პოლიტიკაში ვერ ერკვევა და არც პოლიტიკოსების განცხადებების სჯერა.
„მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში. მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით ამ დასკვნებს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სარწმუნო არ არის. ეს ჩვენთან მხოლოდ ინფორმაციულად აღწევს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოისმინეთ, მე არ მომისმენია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ და ასეთი არის რუსეთის სახელმწიფო, ჩვენ მათთან უკვე დიდი ხანია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი, საომარი ვითარება გვაქვს ამ ქვეყანასთან, უბრალოდ მშვიდობიანი პერიოდია, ვითომ და მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაცა სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ამ ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ. არ გამოვრიცხავ, ომია და ესეც ერთგვარი საომარი მოქმედებაა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას, ესეც, ალბათ, იგივე იქნება. მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მე მათ არანაირ განცხადებას არ ვენდობი. საერთოდ არ ვენდობი არავითარ განცხადებებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ვართ ომის ვითარებაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ხოლო, როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.