„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ასევე, გამოკითხულთა 13%-სთვის საფრთხედ აღიქმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია; 11%-სთვის რუსული პროპაგანდა; 5% ამბობს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ტერორიზმია; არალეგალი მიგრანტების ჩამოსვლას კი საფრთხედ მიიჩნევს 4%.
ამასთან, კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება.
კითხვას, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, 20% ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება; 11%-ის აზრით, ძლიერი ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას; 9% ამბობს, რომ საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.