საქართველოს სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარეთ ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარეთ ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს.
სახალხო დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე დაყრდნობით, ხაზგასმით მიუთითებს, რომ გამოხატვის ფორმები მოიცავს კარვებისა და სხვა სახის კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობას. შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამასთან, აზრის გამოხატვა არამხოლოდ საუბრით ან განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს. შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისა და თითოეული პირის კანონით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის სამართლიან ბალანსს და ამგვარი შეზღუდვები არ უნდა ატარებდეს ბლანკეტურ ხასიათს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებელმა უწყებებმა გაითვალისწინოს პროტესტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული გარემოებები (მათ შორის, სამინისტროს შენობის ადგილმდებარეობა, ტერიტორიის სიდიდე, კლიმატური პირობები) და არსებული საზოგადოებრივი ინტერესი.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების განმარტებით, მათთვის არავის აუხსნია რა არის შეკრების უფლებაში ჩარევის კონკრეტული საფუძველი. არც სახალხო დამცველისთვის არ არის ამ დრომდე ცნობილი, რა საფუძვლით ეზღუდებათ შეკრების მონაწილეებს სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შესაძლებლობა; ასევე, სრულიად გაუგებარია რატომ არ მიეცათ მათ პლედის გამოყენების უფლება.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - უზრუნველყონ სამინისტროს ტერიტორიის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და არ დაუწესონ ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები“,- წერს სახალხო დამცველი.