პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

14-02-2024 07:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა,  კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები,  რათა მოწესრიგდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელზეც კომიტეტმა დიდი ხანი იმუშავა, მათ შორის დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად,  არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის - ძაღლის და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

„ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება როგორც პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ასევე მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა. კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას და იმ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონპროექტის თანახმად,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა ყველა მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად  უშუალოდ იქნება კანონის აღმასრულებელი.  ასევე ერთიან სისტემაში მოექცევა ყველა ის სუბიექტი, რომელიც ურთიერთობს ცხოველთან, შეიქმნება სხვადასხვა სატრენინგო პროგრამა, რომელიც ცხოველის პატრონს აღჭურვავს გარკვეული უნარ-ჩვევებით.

„ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ასწრებს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას, რომლის რეგისტრაცია  2025 წლის 1 ივლისს სრულდება. ამ დრომდე, როგორც მიმკედლებლები, ასევე  მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, რომ  საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოვრების ციკლის განმავლობაში (ვეტკლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ  იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება და აღარ იქნება როგორც დღეს არის უკონტროლო. უნდა მოხდეს ლეკვების და კნუტების რეგისტრაცია. ჩვენ, მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ლეგალურად ძაღლის გამრავლებას, ცხოველს  გავუკეთოთ კასტრაცია-სტერილიზაცია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კანონპროექტით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ცხოველის მიკედლება და თავშესაფრიდან აყვანა წახალისდეს გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ქუჩაში დიდი რაოდენობით უკონტროლო ნამატია.

„ასევე მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსის ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით დგინდება გარკვეული შეზღუდვა,  რაც 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, ანუ მას შემდეგ რაც  რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. აიკრძალება საკუთრებაში  სამზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აიყვანს თავშესაფრიდან ცხოველს, ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა მათთვის აღარ იარსებებს.  ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ კანონით ქვეყანაში შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია სახელმწიფოში არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს.

ასევე გარკვეული დახმარების მექანიზმები გვაქვს, მათ შორის მიმკედლებლებისთვის. კერძოდ, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა სახელმწიფომ გააგრძელოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონპროექტში ასევე არის  გარკვეული დებულებები, რომელიც ცხოველის გადაადგილების საკითხს შეეხება. მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის ალიკაპით ან საბელის გარეშე გასეირნება იკრძალება. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ძაღლის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლე საბელით, ან მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება მოხდება ჩანთით ან ძაღლის ტრანსპორტირებისთვის  განკუთვნილი სხვა საშუალებით.

პოსტი ნახა: 223


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!