„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“

„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“

22-03-2024 05:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც არ უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, სტატისტიკურად, თუ ერთ ოჯახზე, 2,1 ბავშვი მოდის ეს ნიშნავს, რომ ერის რაოდენობა იგივე რჩება, ხოლო 3 ბავშვის შემთხვევაში, ერის რიცხოვნობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება.

„აუცილებელია, შობადობის წახალისება. მაგალითად, გერმანიაში წაახალისეს ყოველი მესამე ბავშვი იმიტომ, რომ მესამე ბავშვი არის მოსახლეობის გამრავლების აუცილებელი ფაქტორი. როდესაც ორი ბავშვი იბადება, ამას ჰქვია, რომ „ანაზღაურდა“ მშობლები, დედა და მამა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს. იმიტომ, რომ სტატისტიკურად ასეა, 1 წლამდე ასაკის ბავშვების (ჩვილების) რაღაც რაოდენობა იღუპება, შესაბამისად, მხოლოდ მშობლების „ანაზღაურებაც“ ვერ ხდება. თუ 2,1 ბავშვი იბადება, რამდენიც არის ერი, იმდენივე რჩება, თუ მეტი იბადება, მხოლოდ მაშინ მიდის ერი ზრდაში. საშუალოდ, 3 ბავშვი თუ იბადება, ესე იგი მოსახლეობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება. მრავალი შვილის საჭიროება არც არის, ადრე რომ იცოდნენ, 8-10-15 ბავშვს აჩენდნენ, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ გამრავლების მაჩვენებელი იყო მაღალი, ეს მშობიარობა იყო მაღალი, მაგრამ ცოცხალი რჩება ცოტა, რადგან მაშინ მედიცინა არ იყო ისე განვითარებული. დღეს სიკვდილიანობა ბავშვებში გაცილებით დაბალია.

ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა, ადრე 20-22-25 წლის ასაკში იყო დაქორწინების ასაკი, ახლა გაიზარდა და ავიდა 33 წლამდე. საშუალოდ, ქალი 33 წლის ასაკში ქორწინდება. გაიზარდა იმ ქალების რაოდენობაც, რომლებიც 35 -დან ზევით ასაკში აჩენენ შვილებს. შედეგად, ამ ათწლეულში ამ ასაკის ქალებმა რომ დაბადეს ვთქვათ, 40 000, შემდეგ 10-წლეულში დაბადებენ 62 ათასს“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

პოსტი ნახა: 268


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!