„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტიურად აუქმებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტიურად აუქმებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 136

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონები ფაქტობრივად აუქმებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეპრესიული წესები ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან.

მათივე თქმით, ორი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 148 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, 66 პირი წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო 54 პირს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი, გარდა ამისა, ათასობით ადამიანს დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა.

„ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა და მიზნად ისახავდა ერთი მხრივ დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 148 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 66 პირი წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო 54 პირს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი. გარდა ამისა, ათასობით ადამიანს დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. აღსანიშნავია რომ ყველა ეს რეპრესიული ცვლილება „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, სხვა პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აკადემიურ წრეებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო.

არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესება, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდა იყო ხელისუფლების მცდელობა მისთვის კომფორტული - შიშის გარემო შეექმნა და დაესაჯა საზოგადოების აქტიური წევრები, რათა ამ გზით, დაესრულებინა მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღა. აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიასთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა Amnesty International-მა, როგორც „ახალი დრაკონული კანონები, რომელსაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“. “ქართული ოცნების” მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები არის საერთო სურათისა და იმ დიქტატორული კანონების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს. ამ ცვლილებების მიზანი არა საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და მოქალაქეების დაშინებაა. ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ უწყვეტ პროტესტს საფრთხედ აღიქვამს და კანონმდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრებაც ზუსტად ამ კონკრეტულ მიზანს - აქციების ჩახშობას ემსახურება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აღწერს იმ ცვლილებებს, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში და რომლითაც „საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სარგებლობა“.

„2024 წლის 13 დეკემბრის და 2025 წლის 6 თებერვლის ცვლილებები - ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში. ცვლილებებით კანონში სამართალდარღვევად გამოცხადდა ისეთი ქმედებები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა დასჯადი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებები და 10-ჯერ გაიზარდა არსებულ დარღვევებზე ჯარიმები. 2025 წლის 2 ივლისის ცვლილებები - მიუხედავად ზემოთ აღწერილი რეპრესიული ცვლილებებისა, “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო პროტესტის ჩახშობა. გაზრდილი ოდენობის ჯარიმების გადახდაში მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. არაერთ პირი რამდენიმეჯერაც დაჯარიმდა თუმცა მათ უარი განაცხადეს ჯარიმის გადახდაზე. იურისტები ეხმარებოდნენ დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გასაჩივრებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იმდენი საჩივარი შევიდა, რომ განხილვის ვადები რამდენიმე თვით გახანგრძლივდა. ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა პროტესტის მოსპობის მიზნით ჯარიმის გადაუხდელობისთვის პატიმრობა შემოეღო და იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გადატვირთულიყო, გასაჩივრება პირდაპირ სასამართლოში გახდა შესაძლებელი. „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 2 ივლისს შემდეგი ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში: გზის გადაკეტვისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის განისაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით; პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობაც არანაკლებ 30 დღით პატიმრობით დასჯადი გახდა; შეიცვალა ასევე ჯარიმების გასაჩივრების წესიც. თუ სახდელის სახედ ჯარიმა ან პატიმრობაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში გახდა შესაძლებელი. მაგალითად, თუკი გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჯარიმის ჯერ შსს-ში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრება და პროცედურულად ჩერდებოდა მთელ ამ პროცესში დაკისრებული ჯარიმის აღსრულება, შეცვლილი წესის მიხედვით, გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში გახდა შესაძლებელი.

2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებები - “ქართული ოცნების” წევრებმა 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული წესით პატიმრობა, ხოლო განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობაა გათვალისწინებული ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან დროებითი კონსტრუქციის, მაგალითად კარვის მოწყობა.

ცვლილებებით არა მხოლოდ აქციების წესის დარღვევისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა/თავისუფლების აღკვეთა, არამედ სამართალდამცავის ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის. ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: ჯარიმა გაუქმდა და 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილე, ხოლო 20 დღიანი პატიმრობით აქციის ორგანიზატორი შემდეგ შემთხვევებში: აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა, ხალხისა და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნა, ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა, დროებითი კონსტრუქციის (მაგ. კარვის ან სცენის) მოწყობა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით აქციის სხვაგვარად ჩატარება შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, სასჯელის სახით დადგენილია - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, თუ ქმედება არაერთგზისაა ჩადენილი 2 წლამდე ვადით, ხოლო თუ ორგანიზატორმა ჩაიდინა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - 4 წლამდე ვადით. ჯარიმა გაუქმდა და 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილე შემდეგ შემთხვევებში: თუ მან მონაწილეობა მიიღო იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით უნდა შეწყვეტილიყო; ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა; ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით. იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს - გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, თუ ქმედება არაერთგზისაა ჩადენილი 2 წლამდე ვადით, ხოლო თუ ორგანიზატორმა ჩაიდინა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - 4 წლამდე ვადით. თუკი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნას პირი მესამედ არ დაემორჩილა, იგი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით და თუ ქმედება არაერთგზისაა - ორ წლამდე ვადით. აღსანიშნავია რომ ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

ცვლილებებით ჯარიმის გადახდა მხოლოდ ორსულ ქალს, 12 წლამდე ასაკის ბავშვის დედას, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეკისრება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირს პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა და სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციისა (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე