საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
რაც შეეხება 2022 წლის დეკემბერს, ერთ წლის წინ საარსებო შემწეობას სულ 670 551 ადამიანი იღებდა, აქედან 135 208 ადამიანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
რაც შეეხება საარსებო შემწეობაზე გაცემულ თანხებს, სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეში სოც. დაუცველებზე სულ 68 095 031 ლარი გადაირიცხა.