„ქართული ოცნების“ წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, სიცრუეა, რომ თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება.
როგორც მან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საუბრისას აღნიშნა, დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის, რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა.
„ამბობენ რომ თითქოს: თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბვლას ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება.
სინამდვილეში: კანონპროექტში საუბარია არა მიკედლებული ძაღლის მიერ, არამედ პატრონიანი ძაღლის, კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. დადორბვლაზე საუბარი არ არის, ხოლო დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის, რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა“, - განაცხადა ბითაძემ.
ბითაძის თქმით, ამბობენ, რომ თუ უპატრონო ძაღლი ან კატა აღმოჩნდება სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან საავადმყოფოში ამ დაწესებულების მესაკუთრეები დაჯარიმდებიან 50 ლარის ოდენობით, „რაც არის სრული დეზინფორმაცია და მიზანმიმართულია კანონპროექტის დისკრედიტაციისკენ და ხალხის მასობრივი დახაფვრისკენ“.
ასევე, მისი თქმით, ამბობენ, რომ თითქოს, 3-ზე მეტი ძაღლის ყოლაზე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, საკუთრების უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს.
„სინამდვილეში: როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“, - აღნიშნა ბითაძემ.
ბითაძის განმარტებით, გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია და მის სხდომამდე ოთხმა დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა უნდა განიხილოს კანონის პროექტი (ჯანდაცვა, რეგიონული, უფლებები, საფინანსო). მისივე განმარტებით, ამის შემდგომ წამყვანმა კომიტეტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს იმისათვის, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი.
„საჯარო სივრცეში ამბობენ, რომ თითქოს 26 თებერვალს დაგეგმილია გარემოს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიღება.
სინამდვილეში: გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია და მის სხდომამდე ოთხმა დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა უნდა განიხილოს კანონის პროექტი (ჯანდაცვა, რეგიონული, უფლებები, საფინანსო). ამის შემდგომ წამყვანმა კომიტეტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს იმისათვის, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი. ჯამში უნდა ჩატარდეს 7 საკომიტეტო და 3 პლენარული მოსმენა, ჯამში 10 მოსმენა“, - აღნიშნა ბითაძემ.