საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "თრიალეთი" გააფრთხილა იმ მოტივით, რომ კომპანიამ წინასწარ არ აცნობა "თრიალეთის" 10%-იანი წილის მფლობელის - შპს "აქცეპტის" - საკუთრების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილების შესახებ.
ვაცხადებთ, რომ კომისიის მიერ "თრიალეთის" მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მარეგულირებელი ორგანო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩაერთო ხელისუფლების მხრიდან "თრიალეთზე" ზეწოლის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება მოხდა სრულიად სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის - შპს "აქცეპტის" - პარტნიორთა შემადგენლობაში.
"თრიალეთი" ამ გარიგების მხარე არ ყოფილა, არ მონაწილეობდა მის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში და წინასწარ არ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის - შპს "აქცეპტის" პარტნიორი კახა კობიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილია, კომპანიის 100%-იანი წილის შეძენას გეგმავდა.
შესაბამისად, "თრიალეთს" არ შეეძლო კომისიისთვის წინასწარ ეცნობებინა იმ კერძო გარიგების შესახებ, რომლის არსებობაც მისთვის ცნობილი არ იყო.
საქართველოს კანონმდებლობა წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას აკისრებს იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შესაბამის გარიგებაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. "თრიალეთის" წილი არ გასხვისებულა და "თრიალეთი" ამ გარიგებაში არ მონაწილეობდა.
შეუძლებელია, კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომლის შესრულებაც ობიექტურად შეუძლებელი იყო.
"თრიალეთს" მანამდეც არაერთხელ განუცხადებია შპს "აქცეპტის" და კახა კობიაშვილის მხრიდან "თრიალეთის" წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რასაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესის რამდენიმე თვით შეჩერება მოჰყვა.
ამიტომ პირდაპირ ვეკითხებით კომისიას:
თუ შპს "აქცეპტი" ხვალ კვლავ, "თრიალეთისგან" დამოუკიდებლად და მისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვლის პარტნიორებს ან საკუთრების სტრუქტურას, კომისია ამჯერად უკვე "თრიალეთს" დააჯარიმებს?
თუ "თრიალეთს" პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა დამოუკიდებელი კომპანიის პარტნიორების გადაწყვეტილებებზე, მაშინ გვითხარით - როგორ უნდა აკონტროლოს "თრიალეთმა" მათი სამომავლო გეგმები და კერძო გარიგებები?
ეს არის თქვენი სამართლიანობა? ეს არის კანონის დაცვა?
ჩვენ უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ, ჩვენი შეფასებით, საჯარო რეესტრის მიერ "თრიალეთის" რეგისტრაციის პროცესის შეჩერება შემთხვევითი არ ყოფილა და ეს შპს "აქცეპტთან" შეთანხმებით განხორციელდა.
კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება კი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვს, რომ "თრიალეთის" წინააღმდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ქმედებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის და ამ შემთხვევაშიც "აქცეპტის" ინტერესებთან კავშირში ხორციელდება.
დიახ, მიგვაჩნია, რომ შპს "აქცეპტთან" შეთანხმებით დაიგეგმა საჯარო რეესტრის მიერ "თრიალეთის" რეგისტრაციის პროცესის დაბლოკვა და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლაც, "აქცეპტთან" კავშირში, კომისიის მხრიდან ხორციელდება "თრიალეთის" წინააღმდეგ უკანონო მოქმედება.
თუ კომისია ამას არ ეთანხმება, მაშინ დაასახელოს კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც "თრიალეთს" ავალდებულებდა, წინასწარ სცოდნოდა "აქცეპტის" პარტნიორებს შორის დაგეგმილი გარიგების შესახებ!
პირდაპირ მივმართავთ კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს:
ბატონო გოგა გულორდავა, კომისიის წევრებო - არ გრცხვენიათ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილების მიღების?
არ გრცხვენიათ, როდესაც კომპანიას პასუხისმგებლობას აკისრებთ გარიგების გამო, რომლის მხარეც ის არ ყოფილა და რომლის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდა?
როგორ შეიძლება კომპანიას მოსთხოვოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომლის შესასრულებლად აუცილებელ ინფორმაციაზე მას წვდომაც კი არ ჰქონდა?
როგორ შეიძლება კომპანია დასაჯოთ იმის შეუსრულებლობისთვის, რასაც კანონი საერთოდ არ ავალდებულებს?
კომისიის ავტორიტეტი უნდა ეფუძნებოდეს კანონიერებას, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ამ გადაწყვეტილებით კომისიამ სწორედ ამ პრინციპების მიმართ ნდობა დააზიანა.
"თრიალეთი" უკვე დიდი ხანია საუბრობს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მხრიდან მის მიმართ შერჩევით და უსამართლო მოპყრობაზე. ახლა ამ პროცესს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც შეუერთდა.
კომისიის გადაწყვეტილება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, ნაცვლად იმისა, რომ მედიის თავისუფლების დაცვის გარანტი იყოს, თავად იქცა "თრიალეთზე" ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტად.
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კომისიის თავმჯდომარეს, გოგა გულორდავას, რომლის ხელმძღვანელობითაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა დღეს თავად ახდენს "თრიალეთზე" ზეწოლას. მისი ხელმძღვანელობით მიღებული გადაწყვეტილება, აჩვენებს, რომ კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად იქცა ტელეკომპანიებზე უკანონო გავლენის მოხდენა, მათი საქმიანობის კონტროლი და მედიის თავისუფლების ხარისხის შეზღუდვა.
ჩვენთვის მიუღებელია მედიაზე ნებისმიერი ფორმით ზეწოლა - ფინანსური, ადმინისტრაციული, სასამართლო თუ მარეგულირებელი მექანიზმების გამოყენებით.
"თრიალეთი" ამ უსამართლობას არ შეეგუება და საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს!
და ბოლოს, მივმართავთ კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს:
მოიქეცით კანონის შესაბამისად და ნუ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებებს.
კომისიის წევრობა ნიშნავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, არამედ პასუხისმგებლობასაც იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მხარს უჭერთ.
არავინ იცის, როდის დადგება დრო, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება. მაშინ პასუხის გაცემა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს კი არა, იმ წევრებსაც მოუწევთ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ.
კანონი ერთნაირად სავალდებულოა ყველასთვის - მათ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და თითოეული წევრისთვის.
შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“
2026 წლის 28 აგვისტო