"თრიალეთზე" ხელისუფლების ზეწოლას კომუნიკაციების კომისიაც შეუერთდა.

"თრიალეთზე" ხელისუფლების ზეწოლას კომუნიკაციების კომისიაც შეუერთდა.

პოსტი ნახა: 29
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "თრიალეთი" უკანონოდ, დაუსაბუთებლად და უსამართლოდ გააფრთხილა იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ "გამოიცნო" და კომისიას წინასწარ ვერ შეატყობინა, სრულიად დამოუკიდებელი იურიდიული პირის, "თრიალეთის" 10%-იანი წილის მფლობელი შპს "აქცეპტის" მიერ პარტნიორთა შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
საქართველოს კანონმდებლობა "თრიალეთს" არ ავალდებულებდა კომისიისთვის წინასწარ შეტყობინებას, რადგანაც მისი წილი არ გასხვისებულა, ამ გარიგებაში არ მონაწილეობდა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მარეგულირებელი კომისიის ასეთი გადაწყვეტილება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომისიაც ჩაერთო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელისუფლების მხრიდან "თრიალეთზე" განხორციელებულ ზეწოლის პროცესში და ამჯერადაც მისი მოქმედება დაკავშირებულია შპს "აქცეპტისა" და მისი დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის დისშვილის - კახა კობიაშვილის ინტერესებთან.
"თრიალეთს" მანამდეც არაერთხელ განუცხადებია შპს "აქცეპტისა" და კახა კობიაშვილის მხრიდან "თრიალეთის" წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რასაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესის რამდენიმე თვით შეჩერება მოჰყვა.
დიახ, ამჯერადაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომისიის ეს უკანონო მოქმედება "თრიალეთის" წინააღმდეგ "აქცეპტთან" კავშირში ხორციელდება!
⁉ სწორედ ამიტომ საჯაროდ ვეკითხებით კომისიას:
თუ შპს "აქცეპტი" ხვალ, ზეგ ან მომავალში, კიდევ რამდენჯერმე, "თრიალეთისგან" დამოუკიდებლად და მისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვლის პარტნიორებს, კომისია ყოველ ჯერზე დააჯარიმებს "თრიალეთს"?
როგორ უნდა აკონტროლოს "თრიალეთმა" სხვა დამოუკიდებელი კომპანიის პარტნიორების სამომავლო გეგმები და კერძო გარიგებები?
როგორ შეიძლება კომპანიას მოსთხოვოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომლის შესასრულებლად აუცილებელ ინფორმაციაზე მას წვდომაც კი არ ჰქონდა?
როგორ შეიძლება კომპანია დასაჯოთ იმის შეუსრულებლობისთვის, რასაც კანონი საერთოდ არ ავალდებულებს?
⁉ ბატონო გოგა გულორდავა, კომისიის წევრებო - არ გრცხვენიათ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილების მიღების?
ეს არის თქვენი სამართლიანობა? ეს არის კანონის დაცვა?
ასეთი, აშკარად უკანონო გადაწყვეტილებით, თქვენ თავად ანადგურებთ ნდობას კომუნიკაციების კომისიის მიმართ!
შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"
2 სექტემბერი 2026


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე