დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა.
უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება რაზმაძის ქუჩას, უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა.
„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.
კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.
მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები.
დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში.
ასევე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც.
აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.
მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა“, - აღნიშნავენ მერიაში.