თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორი თვის განმავლობაში "თრიალეთს" საკუთარი გადაწყვეტილებაც კი დაუმალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორი თვის განმავლობაში "თრიალეთს" საკუთარი გადაწყვეტილებაც კი დაუმალა.

პოსტი ნახა: 22
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორი თვის განმავლობაში "თრიალეთს" საკუთარი გადაწყვეტილებაც კი დაუმალა. 
2026 წლის 21 ივლისს მივიღეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი კერძო საჩივარი ინკასოს შეჩერების შესახებ.
თუმცა ყველაზე საგანგაშო გარემოება თავად გადაწყვეტილების შინაარსი კი არა, მისი მხარისთვის შეუტყობინებლობის ფაქტია.
განჩინება დათარიღებულია 2026 წლის 14 მაისით. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გადმოგვეცა.
ამ პერიოდში თითქმის ყოველდღიურად ვუკავშირდებოდით სასამართლოს, ვითხოვდით ინფორმაციას და განჩინების გადმოცემას. ამაზე არაერთი საჯარო განცხადებაც გავავრცელეთ. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის მხრიდან არც განმარტება გაკეთებულა და არც გადაწყვეტილება გადმოგვეცა.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ განჩინება მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვეცა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  მივმართეთ საჩივრით სასამართლოს მხრიდან საქმის გაჭიანურებისა და ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო.
 
ეს გარემოებები აჩენს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კითხვას.
• რატომ არ ეცნობა მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებისთანავე?
• რატომ იყო დამალული განჩინება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში?
• რატომ დასრულდა ეს შეფერხება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მოქმედებაზე ზედამხედველ ორგანოს მივმართეთ?
• შეესაბამება თუ არა ასეთი პრაქტიკა სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სასამართლო დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს?
აღნიშნული საქმე არ არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული დავა. საქმე ეხება დამოუკიდებელ რეგიონულ მაუწყებელს, რომელიც უკვე ერთი წელია ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის პირობებში მუშაობს.
სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ:
• "თრიალეთი" მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა;
• თანამშრომლები თვეების განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობდნენ;
• შეწყდა სატელიტური მაუწყებლობა;
• კომპანია იძულებული გახდა გადასულიყო საგანგებო, შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე;
• სასამართლოში დავა უშუალოდ ეხებოდა კომპანიის არსებობას.
ასეთ ვითარებაში სასამართლოს გადაწყვეტილების ორი თვის განმავლობაში მხარისთვის შეუტყობინებლობა ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ პროცედურულ შეფერხებად.
იგი პირდაპირ უკავშირდება ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლებას და საზოგადოებაში ბადებს სერიოზულ კითხვებს მართლმსაჯულების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
ამ ფაქტების ერთობლიობა გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის მოქმედებამ ან უმოქმედობამ შესაძლოა ობიექტურად ხელი შეუწყო "თრიალეთის" მიმართ უკვე მიმდინარე ზეწოლის გაგრძელებას.
სწორედ ამიტომ აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლა.
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა.
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დროულ, ეფექტიან და მიუკერძოებელ სასამართლო დაცვას. სასამართლოსადმი ნდობა იწყება კანონით დადგენილი ვალდებულებების დროული შესრულებით.
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და შეაფასონ, შეესაბამება თუ არა ისინი სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
თუ სასამართლო დამოუკიდებელი მედიის საქმეზე საკუთარ გადაწყვეტილებასაც კი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აწვდის მხარეს, როგორ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ნდობა, რომ ასეთ პირობებში მართლმსაჯულება დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელია?


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე