ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმა განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს. დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 4, 6 მლნ-ს შეადგენს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 %-ით არის გაზრდილი.
„მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც. 2024 წლის I კვარტლის მონაცემით შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შეადგენს 850 ათასზე მეტ ვიზიტს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით.
აჭარა ახალ სეზონს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ.
ბათუმიდან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფრენები 12 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება.
განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ყველა დადგენილ ნორმას შეესაბამება“, -წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.