ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე - ლოტი II (კმ21.5 - კმ25.5 მონაკვეთი) ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 380 200 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 5 ნოემბერს იწყება და 11 ნოემბერს სრულდება.
„აღნიშნულ გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას“, - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი
ამასთანავე, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. II ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნული გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.