ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი სანტურიანის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების არჩევნების დღის ნაცვლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადანაწილება საარჩევნო უბნის მომზადებას შეუწყობს ხელს. სატურიანის მტკიცებით, ახალი რეგულაცია “სივრცესა და გარემოს არსებითად ვერ შეცვლის“.
ცესკოს წარმომადგენელმა განმარტება ცენტრალური საარჩევნო კომისიის №32 დადგენილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვით, საუბნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, წილისყრის პროცედურები ერთგვაროვნად განხორციელდეს.
“წილისყრის გარკვეული პროცედურები ელექტრონულ უბნებთან დაკავშირებით ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს გაიმართებოდა. ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით, წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება - მათ შორის ე.წ. ტრადიციული წესით, იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე, იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება, რომ წილისყრის პროცედურები ერთგვაროვნად განხორციელებულიყო. მეორე მხრივ, მთლიანად ტექნოლოგიურ უბნებზე წილისყრის პროცედურის არაუგვიანეს მე-7 დღეს გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას. იმიტომ, რომ დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ უბანი პირველ ამომრჩეველს მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა გიორგი სანტურიანი.
მისივე მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პირადი ინფორმაცია ისედაც ცნობილია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მანიპულაციის სივრცე არ არსებობს.
„ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მანიპულაციის სივრცე არ არსებობს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი, გვარები და მონაცემები ისედაც ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით, წილისყრის პროცედურის გადმოტანა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა, არსებითად სივრცეს და გარემოს ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიორგი სანტურიანი.