ცნობილია ვინ მიიღებს სასურსათო პაკეტს

ცნობილია ვინ მიიღებს სასურსათო პაკეტს

01-04-2024 14:28
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოში სურსათის ბანკი ამოქმედდება. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე შემუშავებულია და პროცესის რეგულირებისთვის კანონქვემდებარე აქტების მომზადება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ People in Need Georgia-ს სურსათის ბანკის პროექტის კოორდინატორი სალომე ჯაფარიძე აცხადებს, საპილოტე პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ცენტრალური საწყობი თბილისში მოეწყობა, საიდანაც სურსათი შემდეგ წყალტუბოში გადანაწილდება.

„მოხდება ვადასთან მიახლოებული არამალფუჭებადი სურსათის შეწირულობა სურსათის ბანკისთვის კერძო სექტორის მხრიდან. სურსათი განთავსდება ცენტრალურ საწყობში, რომელიც იქნება თბილისში და ამის შემდეგ მისი გადანაწილება მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწყვლად მოსახლეობაზე“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი.

კითხვაზე, რა კრიტერიუმით შეირჩა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სალომე ჯაფარიძე განმარტავს, რომ იქ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სურსათით დახმარებას საჭიროებს, საკმაოდ ბევრი იყო.

„წყალტუბოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა სხვადასხვა პროცესში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესებულია, რომ გვერდში დაუდგეს ამ პროექტს და ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ სურსათით დახმარებას, საკმაოდ ბევრია, შესაბამისად, შევარჩიეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი“, - აღნიშნა მან.

წყალტუბოში სურსათის ბანკით სარგებლობას სოციალურად დაუცველი პირები შეძლებენ. შემუშავდება შესაბამისი სია, რომელიც შემდეგ წითელი ჯვრის მიერ გადამოწმდება, რათა სურსათი სამართლიანად გადანაწილდეს. უკვე ცნობილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 1 000 ადამიანია ისეთი, ვისაც სურსათით დახმარება ესაჭიროება. პროექტი საპილოტე რეჟიმში 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

კითხვაზე, როდის ამოქმედდება სურსათის ბანკი, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოქალაქეებს კი სურსათს 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე მიაწოდებენ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ განახორციელებს სურსათის დონაციას, ჯერჯერობით უცნობია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც სუპერმარკეტების ქსელებთან, ისე სადისტრიბუციო კომპანიებსა და კერძო სექტორთან. ჯაფარიძის თქმით, მათი მხრიდან დაინტერესება დიდია.

საპილოტედ ამ ეტაპზე მხოლოდ წყალტუბო შეირჩა, თუმცა პროექტის კოორდინატორის განცხადებით, აქვთ სურვილი, სამომავლოდ სურსათის ბანკი გაფართოვდეს და მთელი საქართველო მოიცვას.

„ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ წყალტუბოზეა საუბარი, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ სურსათის ბანკი გაფართოვდეს და სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლოს. სურსათის ბანკის პროექტი წარმატებული იქნება. ამისთვის ყველანაირი მონაცემი გვაქვს, კერძო სექტორის დაინტერესებაც ძალიან მაღალია. ამასთანავე, საჭიროება, სურსათის მოწყვლად მოსახლეობაზე გადანაწილების, საკმაოდ დიდია, შესაბამისად, პროექტი იქნება წარმატებული და სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს“, - განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.

პოსტი ნახა: 233


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!