ქართული წარმოების სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 12%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა 101.9 მლნ დოლარის ღირებულების (28 428 ტონა) სპირტიანი სასმელი. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებული იყო 115.8 მლნ აშშ დოლარის 34 075 ტონა სასმელი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული წარმოების სპირტიანი სასმელები ექსპორტზე რუსეთში გავიდა. კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებულია 64.73 მლნ აშშ დოლარის სპირტიანი სასმელი, რითაც ამ ბაზრის წილი მთლიან ექსპორტში 63%-ს აჭარბებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომელსაც ყველაზე მეტი ღირებულების სპირტიანი სასმელები რუსეთში გააქვთ. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უმსხვილესი ადგილობრივი ექსპორტიორი კომპანიების ხუთეულში არიან: სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“, შპს Bolero & Company, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „ასკანელი ძმების“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
ვის გააქვს საქართველოდან რუსეთში სპირტიანი სასმელები
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის რუსეთში ქართული წარმოების სპირტიანი სასმელების უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები:
„კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ საჯარო რეესტრში 1996 წელს დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დუგლაძე, წევრები კი ალექსანდრე ივანიშვილი და ეკატერინე დუგლაძე არიან. კომპანიის დირექტორად ფიქსირდება გოჩა გიოშვილი. სააქციო საზოგადოების მშობელი კომპანიაა შპს „აისი ინკ“. ამ უკანასკნელის 34%-იან წილს ფლობს ზაალ დუგლაძე, წილის მმართველი არის დავით დუგლაძე, 33-33%-იან წილებს კი ფლობენ დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი.
სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემებით, Bolero & Company-ის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, დირექტორი - დავით ბოჭორიშვილია. კომპანია რეგისტრირებულია 2012 წლიდან.
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2001 წელს, მისი გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა. რაც შეეხება კომპანიის წილებს, სრულად ჩხაიძე განკარგავს.
„ასკანელი ძმების“ დირექტორი არის ირაკლი უგულავა. რაც შეეხება წილს, 45%-ს შპს „ასკანელი ვაინერი&დისტილერი“ ფლობს, ხოლო რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე - 55%-ს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება, საბჭოს თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძეა, ხოლო წევრები არიან თამთა ხარაიშვილი და გიორგი ჩქარეული. კომპანია რეესტრში 1998 წელს დარეგისტრირდა.
„კ და ქართული სპირტის“ მესაკუთრეები არიან რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი და ასევე რუსეთ საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე. კარიჭაშვილი კომპანიის 80%-ს ფლობს, ღამბაშიძე კი დარჩენილ 20%-ს. კომპანია რეესტრში 2017 წელს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორია გიორგი დამენია, ხოლო გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური.
შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.