ისრაელის მთავრობა 2023 წლის 7 ოქტომბრის საქმეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდა.
ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
მთავრობამ გადაწყვიტა, კომისიამ გამოიძიოს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წარუმატებლობა, თუმცა ეს არ იქნება სახელმწიფო საგამოძიებო კომისია და მის მანდატს მინისტრთა კაბინეტი განსაზღვრავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შექმნის სპეციალურ მინისტრთა პანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომისიის მანდატის განსაზღვრაზე, მათ შორის იმ საკითხებსა და დროის ჩარჩოებზე, რაზეც და როდისაც ჩატარდება გამოძიება. ამ მინისტრთა პანელს მთავრობისთვის რეკომენდაციების წარსადგენად 45 დღე ექნება.
როგორც ისრაელის მედია წერს, მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს ისრაელში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა 2023 წლის 7 ოქტომბრის საქმეზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარება იყო.