აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-ის მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახაზინო მდივანზე, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში კომპანია TikTok-ი აშშ-ში მუშაობის გაგრძელებას შეძლებს.
„ჩარჩო-შეთანხმება TikTok-ის აშშ-ის მიერ კონტროლირებად საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯემისონ გრირის განცხადებით, აშშ-ში TikTok-ის მუშაობის საბოლოო ვადა, რომელიც 17 სექტემბერს იწურებოდა, იმ შემთხვევაში თუ აპლიკაცია ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არ გადავიდოდა, გახანგრძლივდება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პარასკევს ისაუბრებს.
„ევროპაში აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართულმა შეხვედრამ ვაჭრობის საკითხზე ძალიან კარგად ჩაიარა. ასევე, შეთანხმება იქნა მიღწეული „გარკვეული“ კომპანიის შესახებ, რომლის შენარჩუნებაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან სურდათ. პარასკევს პრეზიდენტ სი ძინპინთან ვისაუბრებ. ურთიერთობა კვლავ ძალიან ძლიერი რჩება!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.