Bloomberg - აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს

Bloomberg - აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 164

ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წელს ტურიზმიდან $12.5 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს, ვიზიტორთ დანახარჯები კი წლის ბოლომდე $169 მილიარდამდე შემცირდება. შესაბამისად, ვიზიტორთა დანახარჯები წლიურად 7%-ით, პიკურ 2019 წელთან შედარებით კი 22%-ით დაიკლებს - ამის შესახებ მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც Bloomberg-მა გაავრცელა.

საბჭოს თანახმად, გამოკვლეული 184 ქვეყნიდან აშშ ერთადერთია, რომელიც წელს ტურიზმიდან შემოსავალს დაკარგავს. როგორც საბჭოს პრეზიდენტმა და CEO-მ ჯულია სიმპსონმა აღნიშნა, "სხვა ქვეყნები ტურისტების დასახვედრად ხალიჩებს შლიან, შეერთებულ შტატებს კი კარზე "დაკეტილია" ნიშანი აქვს გამოკრული".

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ტურისტული შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელშიც სექტორი 9%-იან წილს იკავებს და $2.6 ტრილიონადაა შეფასებული. ტურიზმის სექტორი 20 მილიონ ადამიანს ასაქმებს და, შემოსავლების სახით, $585 მილიარდს აგენერირებს.

კვლევის თანახმად, კლების გამომწვევი პრობლემები ქვეყანაში წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროიდან მწიფდებოდა. სექტორზე გავლენა მოახდინა კოვიდშეზღუდვებმა, რომლებიც აქ სხვა ქვეყნებზე დიდხანს გაგრძელდა. ტურიზმი შეაფერხა დოლარის გამყარებამაც, რადგან ქვეყნის სტუმრების დიდი ნაწილი იაპონიიდან და ევროპიდან მოდიოდნენ.

თუმცა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებიდან ჩანს, რომ ახალი ადმინისტრაციის "შეერთებული შტატები უპირველესყოვლისა" პოლიტიკის წყალობით, მოგზაურთა ქცევა კიდევ უფრო შეიცვალა: "კანონმდებლებმა ტურიზმის სექტორი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებში არ უნდა არიონ. დახვეწილ სისტემას შეუძლია ბალანსის შენარჩუნება, ქვეყნის იმ კუნძულად გადაქცევის გარეშე, სადაც ჩასვლა არავის უნდა", - განაცხადა ჯულია სიმპსონმა.

2025 წლის მარტის მონაცემებით, აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან ტურისტების რაოდენობა წლიურად 15%-ით შემცირდა, გერმანიიდან - 28%-ით, სამხრეთ კორეიდან - 15%-ით.

დანაკლისის კომპენსირება აშშ-ს ადვილად არ შეეძლება - ტურიზმის ეკონომიკის 90% უკვე ისედაც მოდის ადგილობრივ ტურიზმზე - ამერიკელთა 50 შტატში მოგზაურობა კი სექტორის ზრდას აფერხებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე