საფრანგეთი რუსეთის გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს უმკაცრესად გმობს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.
„629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა. დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები დაზიანდა. ამ გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს საფრანგეთი უმკაცრესად გმობს“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
კიევზე რუსული ძალების თავდასხმას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც გამოეხმაურა.
„ჩემი ფიქრები კიევზე რუსეთის გაუმართლებელი დარტყმების შედეგად დაზარალებული ადამიანების გვერდით არის, რამაც ბრიტანეთის საბჭოს შენობა დააზიანა. პუტინი ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და მშვიდობის მიღწევის იმედებს ანადგურებს. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს“, - აცხადებს კირ სტარმერი.