ლიეტუვის პრემიერმინისტრი, გინტაუტას პალუკასი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც მის ბიზნეს აქტივობებზე გამოძიება დაიწყო.
ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაავრცელა.
მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გინტაუტას პალუკასი პრემიერმინისტრი 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებში სამი პარტიის კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ გახდა. მისი გადაწყვეტილების შედეგად თანამდებობას მინისტრებიც დატოვებენ.
პალუკასის ბიზნეს და ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოძიება პირველად მედიამ დაიწყო, თუმცა შემდეგ საქმით ქვეყნის ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალუკასმა არ გადაიხადა 16 500 ევროს ოდენობის ჯარიმა, რაც მას სასამართლომ 2012 წლის "ვირთხის წამლის სკანდალისთვის" დააკისრა.
სასამართლოს მიხედვით, 2012-ში, როდესაც პალუკასი დედაქალაქის ადმინისტრაციის დირექტორი იყო, მან ერთ-ერთ ტენდერში პრივილეგირებულ კომპანიას გაამარჯვებინა, რის გამოც, მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, ბოლოს მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა.