ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პაკისტანის სამხედრო ძალები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „აგრესიის საზარელი აქტი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, დაუსჯელი არ დარჩება.
პარალელურად კი, ინდოეთის არმიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.