რუსულმა ჯარებმა 7 ივნისის ღამეს ხარკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
„წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ტერორისტული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი თქმით, ქალაქს Shahed-ის 53 ტიპის დრონით, ოთხი მართვადი საჰაერო ბომბით და რაკეტებით შეუტიეს. დაზარალდა კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონები. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს.
„სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმის შედეგად 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაფიქსირდა ოთხი სახელოსნოს შენობის დაზიანება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.