TikTok-ს 530 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგან მან ევროპელთა პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაგზავნა ჩინეთში და მომხმარებლებთან საკმარისად გამჭვირვალე არ იყო, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა.
მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, TikTok-მა ვერ შეძლო ადეკვატურად შეეფასებინა ის ზეგავლენა, რაც ზედამხედველობის შესახებ ჩინეთის კანონმდებლობას ევროპელების მონაცემებზე შეიძლება ჰქონოდა.
TikTok-მა მიმდინარე გამოძიების დროს აღიარა, რომ ეს კანონები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს ჩინეთის მთავრობას, კომპანიებს მონაცემების გადაცემა მოსთხოვოს „არსებითად განსხვავდება ევროკავშირის სტანდარტებისგან“.
მარეგულირებელმა ასევე განაცხადა, რომ TikTok-მა 2020-დან 2022 წლამდე დაარღვია გამჭვირვალობის წესები, რადგან არ აცნობა მომხმარებლებს, რომ პერსონალური მონაცემების ჩინეთისთვის გადაცემა ხდებოდა.
კომპანიას მონაცემთა ჩინეთისთვის გადაცემისთვის 485 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, ხოლო კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამჭვირვალობის არ არსებობის გამო - 45 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა.
TikTok-მა განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის დასკვნებს და მათ გასაჩივრებას გეგმავს.