ახალი ამბები

04-05-2026 08:47

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

04-05-2026 08:41

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს, - ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. ცენტრალური სარდლობის ეს მხარდაჭერა მოიცავს 15 000 პერსონალს, მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს და 100-ზე მეტ თვითმფრინავს. „ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საზღვაო ბლოკადას“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.

29-04-2026 08:20

სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე - შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პრემიერის თქმით, მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ერთადერთი განსხვავებაა, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე.