გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურმა დეპარტამენტმა ბოლო 10 დღეში 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი შეაფასა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულ ტერიტორიებზე დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები გაიცა.
„გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში, კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის დნობის პროცესი, რომელმაც გამოიწვია „ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება“.