შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბავშვს, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა, ვაქცინის დამატებით დოზებს უკეთებენ

ბოკერიას სახელობის კლინიკაში გრძელდება 14 წლის მოზარდისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

ბიჭი 26 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძაღლმა დაკაწრა. ძაღლი რამდენიმე დღეში ცოფით მოკვდა.

მოზარდს სამი ვაქცინა უკვე გაკეთებული ჰქონდა. თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, აუცილებელია ჯამში ხუთი ინიექციის გაკეთება, თუ საეჭვო ცხოველს ცოფი დაუდგინდება.

მოზარდის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა ჩასტარებოდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. უწყებამ მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.

ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებდა ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც შემთხვევა მოხდა.

მოზარდი თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურმა ცენტრმა 20 დეკემბერს იპოვა.