შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა – სახალხო დამცველის ანგარიში

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს, სადაც „საგანგებოდ არის მითითებული მაღალი დონის არჩეული პოლიტიკოსების მიერ, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სიძულვილის დაგმობის საჭიროებაზე, ასევე, იმაზე, რომ თავადაც თავი უნდა შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან“.

„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

საანგარიშო წელს, სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა მოამზადა. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკის შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. კვლევის შედეგები არაერთი მიმართულებით ავლენს გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში საქმიანობას და რომლებიც უშუალოდ ეხმიანება წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილ პრობლემებს. ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იზიარებს მიმოხილვის მიგნებებს და აუცილებლად მიიჩნევს საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი იქნება პროცესებში მედიის წარმომადგენლების ჩართულობა. ექსპერტის მომზადებული დოკუმენტი შემდეგ 4 მიმართულებას მიმოიხილავს: ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; სამართალდამცავი ორგანოს შესაძლებლობები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; ჟურნალისტების უსაფრთხოება შეკრებების დროს; მედიის შესაძლებლობები და ცოდნა უსაფრთხოების საკითხების თაობაზე მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. თითოეულ თემასთან დაკავშირებით დოკუმენტი გვთავაზობს როგორც საქართველოს გამოცდილებას, ისე საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას. ამდენად, თავად ეს დოკუმენტი კარგი შესაძლებლობაა გამოწვევების დასაძლევად საუკეთესო მექანიზმების შესაქმნელად. მიმოხილვის მიგნებების გათვალისწინებით, რამდენიმე საკითხი უნდა აღინიშნოს. კერძოდ, კვლევაში საგანგებოდ არის მითითებული მაღალი დონის არჩეული პოლიტიკოსების მიერ, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სიძულვილის დაგმობის საჭიროებაზე, ასევე, იმაზე, რომ თავადაც თავი უნდა შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების

მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის კუთხით. იმ საქმეებშიც კი, რომლებშიც ხდება სასჯელის შეფარდება, ხშირად გამოყენებულია მსუბუქი სასჯელი. უნდა ჩატარდეს მოკვლევა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით და შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.