შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კოვიდპანდემიის დროს დაჯარიმებულთა ადმინისტრაციული სახდელისგან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს, 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესი, ასევე პირბადის ტარების წესი. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.

ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. თანხის ჯამური ოდენობა კი 5 596 047 ლარია. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებებს, აღნიშნულ პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.