რევმატული დაავადებები და დიკლოფენაკი - რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?

რევმატული დაავადებები და დიკლოფენაკი - რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?

16-12-2024 20:50
კატეგორიები: საზოგადოება

რევმატული დაავადებები ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. მათთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა: სახსრების ტკივილი და დეფორმაცია, შებოჭილობა, გადაადგილების შეზღუდვა, უყურადღებობის შემთხვევაში სულ უფრო მწვავდება და შესაძლოა, ადამიანი უნარშეზღუდულობის საფრთხის წინაშეც დადგეს.

რევმატული დაავადებების მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ხანგრძლივ თერაპიას ეტიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. მკურნალობის ძირითადი მიზანია: დაავადებები პროგრესირების შენელება, ტკივილისა და ანთებითი ცვლილებების მოხსნა, დაზიანებული სახსრის ფუნქციის აღდგენა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხორციელდება თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების მხედველობაში მიღება, როგორიცაა დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები, სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება, პაციენტის ცხოვრების წესი და ა.შ.

რევმატული დაავადებების სამკურნალოდ მოწოდებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნვადი პრეპარატია - დიკლოფენაკი, რომელიც ტკივილისა და სხვადასხვა ანთებითი პროცესის შესამსუბუქებლად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებისაა ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილიტი და სხვა ანთებითი მდგომარეობები.

პრეპარატი რამდენიმე სახითაა ხელმისაწვდომი: დიკლოფენაკი აბი, დიკლოფენაკი ამპულა,    დიკლოფენაკი მალამო და დიკლოფენაკი გელი

ამ სტატიაში დიკლოფენაკის აბებზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად კი, გაგაცნობთ მის ჩვენებებს, გვერდით მოვლენებს, ურთიერთქმედებას სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ყველა იმ ინფორმაციას, რაც პრეპარატის მიღებამდე უნდა იცოდეთ.


რა არის დიკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება?

დიკლოფენაკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებაა, რომელიც, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ამცირებს ტკივილს და ანთებას სხვადასხვა მდგომარეობების დროს. კერძოდ მისი გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და ხანდაზმულებში, სახსრების, კუნთებისა და მყესების ტკივილის, შეშუპებისა და ანთების შესამსუბუქებლად, მათ შორისაა:

•  რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრული ართრიტი;
•  პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი;
•  პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, მათ შორის მოტეხილობების, წელის ტკივილის, დაჭიმულობის, დაზიანების, ამოვარდნილობის დროს; 
•  ორთოპედიულ, სტომატოლოგიურ და სხვა მცირე ქირურგიულ პროცედურებთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად;
•  ქალებში პირველადი დისმენორეით, ადნექსიტით და მენორაგიით, ტკივილის მოსახსნელად, ანთებისა და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის შესამცირებლად.


როგორია დიკლოფენაკის მიღების წესი და დოზირება?

ჩვეულებრივ, მოზრდილებში რეკომენდებული დოზა მერყეობს 75-დან 150 მგ-მდე დღეში. მაგალითად, 50-მილიგრამიანი აბი/კაფსული მიიღება 2-3-ჯერ დღეში ან 75-მილიგრამიანი დღეში 2-ჯერ.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ ან წარსულში წყლულის ან ნაწლავის წყლული გქონდათ, პრეპარატი დაბალი დოზით უნდა მიიღოთ; ასევე, აუცილებელია კუჭის დასაცავად დამატებით სპეციალური პრეპარატის მიღება.

რაც შეეხება მიღების წესს, დიკლოფენაკის აბები ძირითადად საკვების დროს ან შემდეგ მიიღება. ასე კუჭის გაღიზიანების რისკი მცირდება. 


როდის არ შეიძლება დიკლოფენაკის მიღება — უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დიკლოფენაკსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები. მათ შორის ისეთებიც, რა დროსაც მედიკამენტის მიღება სრულიად დაუშვებელია, მაგალითად:

•  თუ გაქვთ ალერგია დიკლოფენაკზე ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე (მაგ., ასპირინი, იბუპროფენი და ა.შ.), დიკლოფენაკის მიღება დაუშვებელია;
•  ვინაიდან დიკლოფენაკს შეუძლია, კუჭის ან ნაწლავის არსებული პრობლემები გაამწვავოს, მისი მიღება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის წყლულისა და სისხლდენის დროს;
•  დიკლოფენაკი ზრდის კარდიოვასკულარული მოვლენების რისკს, ამიტომ, პაციენტებმა, რომელთაც გულის მძიმე უკმარისობა ან გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, ანდაც გულის შეტევა თუ ინსულტი გადაიტანეს, დიკლოფენაკი არ უნდა მიიღონ;
•  ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთებითი პრეპარატებით გამოწვეული ასთმის დროს დიკლოფენაკის მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მან ასთმის შეტევა გამოიწვიოს. 
ზემოთ აღვწერეთ ის შემთხვევები, როდესაც დიკლოფენაკის მიღება სრულიად დაუშვებელია, ახლა კი განვიხილოთ ის მდგომარეობები, როდესაც პრეპარატის მიღება შეიძლება, თუმცა დიდი სიფრთხილით და ექიმის ზედამხედველობით. ასეთი უკუჩვენებებია:
•  საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორებიცაა წყლული ან გასტრიტი;
•  მაღალი წნევა, იპერქოლესტერინემია, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება;
•  თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
•  ორსულობა და ლაქტაცია, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრი. ასევე, ლაქტაციის პერიოდი;
•  ხანდაზმული ასაკი.

რა გვერდითი ეფექტები აქვს დიკლოფენაკს?

დიკლოფენაკს, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, სხვადასხვა გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია. თითოეული მათგანი კი სიმძიმითა და გავრცელების სიხშირით განსხვავდება, ესენია:

•  კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, პერფორაცია;
•  კარდიოვასკულარული გვერდითი ეფექტები: ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), გულის შეტევა, ინსულტი, გულის უკმარისობა, თრომბოზი (ძარღვებში სისხლის შედედება);
•  ღვიძლთან და თირკმელთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: ღვიძლის ფერმენტების მომატება, ჰეპატიტი (იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა), თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ანთება;
•  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იშვიათად), ასთმის შეტევა, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება), ანაფილაქსია;
•  ნერვული სისტემის გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოუსვენრობა;
•  ჰემატოლოგიური დარღვევები: ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირება), ლეიკოპენია (თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება);
•  სუნთქვის სისტემასთან დაკავშირებული რეაქციები: ბრონქოსპაზმი (უწყვეტი ხველა, გაძნელებული სუნთქვა).

ამ გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების შემთხვევაში. ამიტომ, ყოველთვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინება.

პოსტი ნახა: 381


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!