შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მამის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო

მამის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, ბრალდებული ფარულ ჩანაწერში დანაშაულს აღიარებს და მკვლელობის მოტივზეც საუბრობს. აღნიშნული ჩანაწერის კანონიერება დაცვის მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ის უკანონოა და იქამდეა განხორციელებული, ვიდრე ბრალდებულს მოწმის სტატუსი ექნებოდა, ან ადვოკატი ეყოლებოდა.

„სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გვქონდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის კანონიერება. სხდომა ზეპირი მოსმენით დღეს ჩატარდა, სადაც მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერი კანონიერად დატოვა. საუბარია, ვიდრე მოწმის სახით გამოკითხავდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იქამდე განხორციელებულ ფარულ ჩაწერაზე. აღნიშნული პირი იქამდე ჩაწერეს ფარულად, ვიდრე მოწმის სტატუსს შეიძენდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს აქვს ჩანაწერი განხორციელებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში, სტატუსის გარეშეა ჩაწერილი, მაგრამ ჩვენ სასამართლო პროცესზე გვქონდა პოზიცია, რომ ეს პიროვნება იყო დაკავებული და ფარული ჩაწერა უკანონოდ იყო განხორციელებული, ვინაიდან ადვოკატი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას არ ესწრებოდა. მას დაკავების მომენტიდანვე ეკუთვნოდა ადვოკატი. ფარული ჩაწერიდან, ზუსტად 7 წუთში მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა, როცა ფარული პატაკის ავტორი აცხადებს, რომ ეს პიროვნება გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებდა“, – განაცხადა ნატროშვილმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა აღნიშნულ ჩანაწერში ბრალდებული დანაშაულს.

„თუ რა არის ფარულ ჩანაწერში მოცემული, ვერ მოგახსენებთ, მისი თანხმობა არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, რომ დაგიკონკრეტოთ, ან დაგიდასტუროთ, ან უარვყო“, – აცხადებს ნატროშვილი.

მისივე თქმით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.

„რაც შეეხება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას, ჩვენ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კანონიერება გვაქვს გასაჩივრებული. შესაბამისად, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ იმსჯელებს აღკვეთ ღონისძიებაზე, იქამდე ვერ მოხდება სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. გადაწყვეტილება წესით, ამ კვირაში უნდა იყოს, აღნიშნულის შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე სასამართლოს განჩინებით მიმართავს, რათა იმ დაწესებულებიდან ამოიღოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა“, – განაცხადა ნატროშვილმა.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.