შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რატი ბრეგაძე – 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი, 2024 წლის ბოლოს კი 131 იუსტიციის სახლი გვექნება

2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი და 2024 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი, – ამის შესახებ, დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის 118-ე ფილიალი გაიხსნა, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება და ზესტაფონის ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება.

„იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოგეხსენებათ, მუშაობს მრავალი მიმართულებით და წარმოგიდგენთ თითოეულს ამ მიმართულებებიდან. პირველი ეს არის სერვისების განვითარება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს ყველა მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით 118-ე იუსტიციის სახლი ზესტაფონში, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს და რა თქმა უნდა, გაუწევს მომსახურებას ჩვენს მოსახლეობას. ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რომლებიც 2024 წელს დასრულდება. დავიწყეთ მშენებლობა ხაშურის, სამტრედიის, თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები და მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებშიც მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც მიჩვეულია იუსტიციის სახლებში. ეს იუსტიციის სახლები გაიხსნება 2024 წელს. უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლების, შროშის და გლდანის, საჩხერის და ასევე, ბათუმის მეორე ფილიალის იუსტიციის სახლები. მშენებლობების დასრულების შემდგომ მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 131 იუსტიციის სახლი მოემსახურება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი და 2024 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მომხმარებლებს მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით სერვისებს საკუთარი სახლის ჭიშკართან აწვდის.

„მობილური იუსტიციის სახლი არის უპრეცედენტო ახალი ინოვაციური პროექტი, რომლის მეშვეობითაც სპეციალური მიკროავტობუსები მოძრაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას საკუთარი სახლის ჭიშკართან. მობილური იუსტიციის სახლი განკუთვნილია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილიალებისგან მოშორებულ სოფლებში ცხოვრობენ. მობილური იუსტიციის სახლები განკუთვნილია ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც ხანგრძლივი დრო უწევს იმისთვის, რომ მივიდეს იუსტიციის სახლებთან და მიიღოს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმენით იმისთვის, რომ მიიღონ მომსახურება იმავე რეჟიმში, როგორსაც ისინი მიჩვეულნი არიან იუსტიციის სახლებში და შესაბამისად დაიკმაყოფილონ ყველა ის საჭიროება, რომლებიც მათ აქვთ სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, მობილური იუსტიციის სახლი მთელ საქართველოშია და 150-ზე მეტი სოფლის 50 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.