შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას – საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან – თორნიკე რიჟვაძე

მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

მისი თქმით, საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება ოჯახების დასახმარებლად.

რიჟვაძის განცხადებით, ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

,,დღეს, სამწუხაროდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზებზე. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ლოკაციაზე ზვავი ჩამოწვა და მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი გარდაიცვალა.