საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის (2029 წლის ჩათვლით) მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში, მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა. ესენია: ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა; $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი; $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი.
„სავალუტო ფონდის შეფასებით, წელსვე (2024 წელს) საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 5- წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ასეთ ლიდერობას შეინარჩუნებს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, შესაბამისად 6-წლიანი, 7-წლიანი, 8-წლიანი, 9 და 10-წლიანი გრძელვადიანი ზრდის ტემპების მიხედვით, 2024 -2029 წლებში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს ათწლედური საპროგნოზო შედეგი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა, რითაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ გაქარწყლდა უსაფუძვლო ნარატივი, რომ მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამორჩეული მაჩვენებლები 2020 წლის ძლიერი ეკონომიკური ვარდნის ეფექტით იყო გამოწვეული და თითქოს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კარგი პერსპექტივა არ უჩანდა.
პროგნოზების მიხედვით: 1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, მსოფლიოში არის მეორე ადგილზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ზრდის უპირობო ლიდერია. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკას. მეორე ადგილზე საქართველოა, რომლის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 2029 წელს 71 %-ით იზრდება.
2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოს რეალური ეკონომიკა წლიური თვალსაზრისით 7,6%-ით გაიზრდება, რითაც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის უპირობოდ ლიდერობს და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია 2012 წელთან შედარებით, ანუ 12-წლიანი ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი საუკეთესო სამეულშია. ამ პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 83%-ით იზრდება.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ათწლიანი საპროგნოზო ზრდის ტემპის მიხედვით 2029 წელს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, მსოფლიოში არის მეორე ადგილზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ( ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ზრდის უპირობო ლიდერია. სავალუტო ფონდის შეფასებით 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 9,9%-ით გაიზარდა და 24 849 დოლარს გადააჭარბა . 2024 წელს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იზრდება 10%-ით და ხდება 27 363 დოლარზე მეტი, 2029 წლისთვის კი აჭარბებს 38 744 საერთაშორისო დოლარს.
აღსანიშნავია 2012 წელთან შედარებით, ანუ 12 – წლიანი ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მეოთხე ადგილზეა, ევროპაში უპირობოდ ლიდერობს და ევრაზიის საუკეთესო სამეულშია. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 164%-ით იზრდება.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12 734 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორ ნახევარჯერ მეტად იზრდება. საშუალოდ 10 – წლიან პერიოდში 2019-2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 10,4%-ით გაიზრდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2030 წელსაც ზრდის ამ ტემპის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 050 აშშ დოლარს, რითაც მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით(!!!).
ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდება 12 – ნიშნა სიდიდე, გადააჭარბებს 102 მილიარდ 245 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრებს ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა წელს 101 მილიარდ 876 მლნ დოლარს გაუტოლდება. 2024 წელსვე საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას – ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 144 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, 2024 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით (!), ხოლო 2019 წელთან შედარებით, ანუ 10 – წლიანი გაანგარიშებით იზრდება 131%-ით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.