შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი მშვიდობის ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. თეა ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების, ასევე მოწვეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
„დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა სიღრმისეულად განგვეხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შედეგები, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარების ხედვა, რაც წარიმართა პროცესით დაინტერესებული აქტორების, მათ შორის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია რომ შედეგები და ის პროგრესი, რომლებზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მიღწეულია საქართველოში მიმდინარე უკანონო რუსული ოკუპაციის ფონზე შექმნილი სირთულეების რეალობაში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი იმ სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების მოქმედებაზე, მათ შორის მშვიდობის ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ნამდვილად უნიკალურ მექანიზმად ჩვენი პოლიტიკის,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.