,,ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს…” – თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

,,ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს…” – თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

22-03-2023 04:28
კატეგორიები: ახალი ამბები

დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები, რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში COVID-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში – 367, ბრიტანეთში – 144, ისრაელში – 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ომიკრონის შტამებით გამოწვეულ COVID-ს სერიოზულად არ აღიქვამს.

„საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები (საბედნიეროდ დიდი უმცირესობა), რომლებსაც აღიზიანებთ ეს სიტუაცია?! და ისეთებიც არიან, რომლებიც COVID ავადობის და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევების მატების დროს ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს ლანძღავენ. ხოლო მაშინ, როცა ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ცდილობენ ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ ან თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების დამსახურება კი არ არის, არამედ უბრალოდ გვიმართლებს?! რას ვიზამთ, ეს ადამიანებიც ჩვენი სინამდვილის ნაწილია და მათთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.

COVID არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე. ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის COVID-ზე დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი (ფევარინი), ფავიპირავირი, კოლხიცინი და სხვ.) რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“ – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე

პოსტი ნახა: 570


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!