შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე – რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე გაერთიანდებიან, მათ საერთო სახეს და სურათს არ ცვლის – მათი არეალი არის 25-30%-ის ფარგლებში

ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულს რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საქართველოში იმ ტრაგედიის და ომის თანაავტორი იყო და რომელიც დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელია. ამიტომ, ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა – ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის. მათი ელექტორატი ძირითადად ერთგვაროვანია – ეს არის ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, რომლის ნაწილებზე მიმდინარეობს ახლა დაშლილი თუ ხან გაერთიანებული “ნაციონალურ მოძრაობის” ნაწილებს შორის ნადირობა. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ფაქტია, რომ მათი არეალი არის მკაფიოდ შემოსაზღვრული დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.