შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერი ანაკლიის პორტზე – საერთაშორისო ტენდერები დასრულდა, შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები დასრულდა და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ბელგიური კომპანია შეირჩა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის მოგება “სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო”.

მან დავის მოგებისთვის, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს და სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულდება საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის იმისათვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა თქვენ იცით, რომ კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე, მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოოდ, დადგინდა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა იუსტიციის სამინისტროს ამისათვის.

გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. საერთაშორისო ტენდერები დასრულდა. შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.