სოციალური პაკეტი მარჩენალდაკარგული პირებისთვის

სოციალური პაკეტი მარჩენალდაკარგული პირებისთვის

21-03-2023 06:24
კატეგორიები: ახალი ამბები

ვინ ითვლება სოციალური პაკეტის მიღებაზე უფლების მქონე მარჩენალდაკარგულ პირად?

მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე, რომელსაც ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო.

ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის დაკარგვის გამო და რა  ოდენობით?

  • გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე, თითოეულს –100 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე – 107 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე – 122 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილის შვილს 18 წლის ასაკამდე – 144 ლარის ოდენობით.

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად  განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – აგრეთვე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა;
  • ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო, დამატებით წარმოსადგენია – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო, დამატებით წარმოსადგენია – სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.

როდის ინიშნება  სოციალური პაკეტი?

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

სოციალური პაკეტი ინიშნება:

  • განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
  • სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

როგორ ხდება სოციალური პაკეტის გაცემა?

სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

რა არის სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველია:

  • ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში;
  • როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება;
  • როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევებში სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
  • პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება ბენეფიციარის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში,სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი განახლდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისას სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.
  • სოციალური პაკეტის განახლება ხდება, განახლების თაობაზე, განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს, ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან.

რა არის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი?

სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხდება:

  • პირადი განცხადებით;
  • საჯარო საქმიანობის განხორციელებისას (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა);
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
  • ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
  • სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;
  • მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;
  • სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;
  • სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
  • სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

რა სახის შეზღუდვები არსებობს სოციალური პაკეტის მიღებაზე?

დაუშვებელია:

  • ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
  • სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტისა) მიღება;
  • სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის* განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა;
  • როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებელის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად;
  • პირის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური პაკეტის დანიშვნა ხორციელდება მხოლოდ ერთ ბენეფიციარზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გარდა მარჩენალდაკარგულებისა.

* საჯარო საქმიანობა წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებად საქმიანობას. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

პოსტი ნახა: 653


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!