შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5000-ზე მეტი ადამიანია მიცემული.
შს მინისტრის მოადგილემ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით უწყების მუშაობა ბრიფინგზე შეაჯამა.
„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.
მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, - განაცხადა დარახველიძემ.