გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს დროს, რომ ფიზიკურად გამოცხადდეს კომისიაზე და ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე კითხვებს მხოლოდ ამგვარად უპასუხოს და არა, დისტანციური ჩართვით.
„ოცნების“ რეჟიმი ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი.
დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც ბიბილოვი აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარატისტული რეჟიმისთვის, ახლა როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს ისინი დღეს ერთი და იგივე „დიფსთეითიდან" იღებენ ინსტრუქციებს.
გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს.
ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის ჩორჩანაზე საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე.
გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს ჩორჩანას საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2 ივლისი არის უკიდურესი ვადა, იმისთვის, რომ გახარია გამოცხადდეს სხდომაზე.