ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს დააწესებს

ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს დააწესებს

25-06-2024 07:28

ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს დააწესებს. ჩინური მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას სი ძინპინმა პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ჩინეთის ლიდერის თქმით, ორივე ქვეყანამ უნდა გაგრძელოს ჩინეთ-პოლონეთის მეგობრობის პრინციპების დაცვა, რომელთა შორისაა ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა, უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგონ ცივი ომის აზროვნებასა და ბლოკთაშორის კონფრონტაციას, ასევე ხელი შეუწყონ თანასწორი, მულტიპოლარული მსოფლიოს შენებასა და ეკონომიკურ გლობალიზაციას.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მიესალმება თავის ბაზარზე მეტ ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტის შესვლას და ორმხრივი ინვესტიციების გაფართოებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი უზრუნველყოფს სამართლიან და არადისკრიმინაციულ ბიზნესგარემოს ჩინური ბიზნესისთვის.

თავის მხრივ, დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და მზად არის, გააგრძელოს მუშაობა ჩინეთთან „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის, ინოვაციების, ციფრული ეკონომიკის სფეროებში.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მიესალმება მეტ ჩინურ ინვესტიციებს. დუდას განცხადებით, პოლონეთს სურს, კიდევ უფრო განავითაროს ჩინეთ-პოლონეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ამასთან, პოლონეთი მოხარულია, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საკითხი. როგორც სი ძინპინმა განაცხადა, ჩინეთის პოზიციაა, ამ მხრივ ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„ძალისხმევა უნდა გაკეთდეს კონფლიქტების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ვითარების განსამუხტად და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პირობების შესაქმნელად, რაც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია, მათ შორის, ევროპის“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მიმდინარე წელს ჩინეთისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.

პოსტი ნახა: 139


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!