„საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას,“ – აცხადებს სამინისტრო.
ამავე წყაროს ცნობით, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება: „აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება“.
სოციალურ დახმარებასთან ერთად, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები დამატებით 300 ლარს მიიღებენ. „ გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება,“ – აცხადებს სამინისტრო.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია.
„სოციალურად დაუცველი პირი დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.
თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება,“ – აცხადებს სამინისტრო.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05