ევროკავშირში გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს. საუბარი ინტეგრაციასა და ეკონომიკურ პროცესებს ეხება და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერცერთ ქვეყანას ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. მაგრამ ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან თუ სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებით. ესენი სხვა საკითხებია და ამის შესახებ ყველასთვის კარგად ცნობილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მომავალი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა.
„მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. შესაძლოა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული შეფასებები გაჩნდეს, მაგრამ ამის შესახებ მეც და თქვენც მოგვიანებით, ამ დიალოგის დასრულების შემდეგ გავიგებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.