2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4 პროცენტით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5 პროცენტით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა.
„ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 24.9 პროცენტით გაიზარდა და 1 756 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 8.4 პროცენტით გაიზარდა და 1 664 ლარს გაუტოლდა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 48 პროცენტი შეადგინა.
თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.8 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 16.7 პროცენტით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7 პროცენტით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.2 პროცენტი შეადგინა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 23.5 პროცენტით გაიზარდა და 1 706 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7 პროცენტით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.