🔴 ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს
📌 ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" 2026 წლის განმავლობაში არაერთხელ მოგმართავდათ კანონმდებლობით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რა სამართლებრივი მექანიზმები იქნა გამოყენებული სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმებების დროს, რადგან აღნიშნულ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, დაცულია თუ არა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
ჩვენი განცხადებები თქვენი ადმინისტრაციის მიერ გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროში და შემოსავლების სამსახურში, თუმცა კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არც ერთხელ არ მიგვიღია.
📌 2026 წლის 6 ივლისს როგორც "თრიალეთმა", ასევე კომპანიის დირექტორმა ჯონდო ნანეტაშვილმა კვლავ მოგმართეთ იმავე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა არც ამჟამად, არცერთ ამ განცხადებაზე კანონით გათვალისწინებული პასუხი არ მიგვიღია.
ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ მალავს სახელმწიფო ინფორმაციას, რომლის გაცემაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა?
თუ სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება კანონს, მაშინ არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის დახურული იყოს.
საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში გაუცემლობა არა მხოლოდ არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, არამედ ზღუდავს ინფორმაციის მიღების კონსტიტუციურ უფლებას, ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ინფორმაციის მიზანმიმართულ დამალვას.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. თქვენთან წარდგენილი ყველა განცხადება თქვენი ადმინისტრაციის მიერ გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს. თუმცა, არც ერთ თქვენ მიერ გადაგზავნილ განცხადებაზე მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიგვიღია, რის შესახებაც არაერთხელ საჯაროდაც განვაცხადეთ და, სავარაუდოდ, თქვენთვისაც ცნობილია.
❎ ძნელად დასაჯერებელია, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გადაგზავნილი განცხადებების შესრულებას ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სისტემატურად არ უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა ხდება თქვენი პირადი თანხმობით.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კანონმდებლობის შესრულება და მოგვაწოდოთ ჩვენს განცხადებებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
ამ წერილს, ისევე როგორც წინა მიმართვებს, საჯაროდაც ვაქვეყნებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საკითხი ეხება არა მხოლოდ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" ინტერესებს, არამედ საქართველოში კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და მედიის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვას.
📍 ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"
🔴 ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს
46 წუთის წინ
პოსტი ნახა: 19
მსგავსი სიახლეები
16-07-2026 18:23