2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სისტემა მასწავლებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც მათ რეალურად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სჭირდებათ.
„მასწავლებლის სახლი“ მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდეგი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა მასწავლებლის საჭიროების დადგენაზე, მის მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომელიც რეალურად, თითოეულ მასწავლებელს სჭირდება თავისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ სქემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესიც მოაზრებული იქნება,“ - განაცხადა ამილახვარმა.