მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა ბრიფინგზე და განმარტა, რატომ ვერ შედგა გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „ლელოსთან“.
გიორგი გახარიას თქმით, მოლაპარაკებებს წერტილი მან დაუსვა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკო-ში სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი. ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაჰბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის. წერტილი დავსვი, რადგან მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა. ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე, გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც, ისე მეორე მხარეს, რომელთანაც მომავალში პოზიტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ისევ ვაპირებთ. ახლაც, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს ჩვენი მომავალში თანამშრომლობის რესურსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა, რას არ დათანხმდა მამუკა ხაზარაძე.
„ნეიტრალურ პლატფორმას – თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი; გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს – ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტია , ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი; კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე – პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც – რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად, უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ, სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს. ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით: 1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, თავად პროცესი იყო პოზიტიური და სალომე ზურაბიშვილს, ასევე მამუკა ხაზარაძეს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც ნიშნავს ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვას და პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა გახარიამ.