ირაკლი კობახიძე - ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი - ყველაფერი დღესავით ნათელია

ირაკლი კობახიძე - ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი - ყველაფერი დღესავით ნათელია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება.

„რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად, არ მიკვირს ევროკავშირის ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა.

„ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე.

„ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 52


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!